სუნამო, ამბავი ერთი მკვლელისა

ამბავი ერთი მკვლელისა, ანუ დახვეწილი სისასტიკე

წიგნის/ფილმის მთავარი გმირი ჟან–ბატისტ გრენუი 1738 წლის 17 ივლისს დაიბადა პარიზში. გრენუის დედა თევზს ყიდდა ჭინთვები რომ დაეწყო. დახლის ქვეშ იმშობიარა და გრენუისაც დანარჩენი 5 ბავშივით სასიკვდილოდ გაიმეტებდა, რომ არა ახალშობილის ტირილი, რომელიც ახლოს მყოფმა ხალხმა გაიგო… ქალი ჩამოახრჩვეს, გრენუი კი მადამ გაიარის ბავშვთა სახლში მოხვდა.

ყვეელასგან გამოირჩეოდა თავისი მარტოსულობითა და სიჩუმით,ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და სამყაროს სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ სუნით აღიქვამდა. მას „გენიალური“ ყნოსვა ჰქონდა. ირგვლივ მყოფ საგნებს სუნით აღიქვამდა, სამყარო მისთვის მხოლოდ სურნელი იყო… ყველას აოცებდა თავისი განსაკუთრებული თვისებით, აღმზრდელს მისი ეშინოდა ამის გამო და 8 წლის ასაკში ერთ ნაცნობ მთრმილავს, გვარად გრიმალს მიჰყიდა.

გრიმალთან დიდ შრომას სწევდა გრენუი, გასაოცრად მუყაითად ასრულებდა თავის საქმეს და მალევე დაიმსახურა უპრეტენზიო და მშრომელი დამხმარეს სტატუსი. ერთი წლის მუშაობის შემდეგ, გრენუის ჯილეხი დაემართა, მაგრამ იგი გაუმკლავდა ამ დაავადებას და ამის შემდეგ იგი გრიმალისთვის ფასდაუდებელი განძი გახდა.  12 წლის ასაკში გრიმალმა კვირადღის ნახევარი  გაუთავისუფლა, 13 წლისას კი შეეძლო საღამოს სადაც უნდოდა იქით წასულიყო. გრენუი ითვისებდა პარიზს, მისთვის უცხო სუნებს და ახალი „აღმოჩენებით“ ტკბებოდა.

საღამოობით დახეტიალებს გრენუი პარიზის ქუჩებში და თავისი საყვარელი საქმიანობით – სუნებით ერთობა. ერთ–ერთი ასეთი სეირნობის დროს შოკისმომგვრელ სურნელს წააწყდება, გაედევნება მას და სუნი ერთ ეზოში მიიყვანს, სადაც წითელთმიანი გოგონა ქლიავს არჩევს. გრენუი მთლიანად დაეუფლება წითელთმიანი გოგონას სურნელს, კლავს მას და სანამ ბოლომდე არ შეიწოვს მის სუნს, იქამდე არ შორდება.

მენელსაცხებლე ჯუზეპე ბალდინის გრენუი ნამდვილ მხსნელად მოევლინება, პატარა, შეუხედავი ბიჭი, რომელიც მას თხის ტყავს მოუტანს, საოცარი ყნოსვით გამოირჩევა და მის დანგრეულ იმპერიას გააცოცხლებს. 

                  Image

 

ბალდინისთან გრენუი სწავლობს სუნების გამოყვანას ყველა ყვავილიდან, რასაც კი  სურნელი აქვს, იგი ითვისებს მენელსაცხებლისთვის დამახასიათებელ თვისებებს და იმ ნიჭს, რომელიც მას აქვს, მენელსაცხებლის ცოდნასაც ამატებს. გრენუი მოინდომებს სუნი გამოიყვანოს ყველაფრიდან, რასაც კი სუნი აქვს, მაგრამ იგ ვერ ახერხებს რკინის და მინის სუნი მიიღოს. თავისი სურვილის სისრულეში ვერ მოყვანის გამო, ჟან–ბატისტ გრენუი ლოგინად ჩავარდება, თითქოსდა არანაირი ნიშანი აღარ არის მისი გადარჩენისა, მაგრამ იგი როგორც აქამდე გამომძვრალა ყველა რთული სიტუაციიდან, ახლაც არნახულ ძალას პოულობს, ექიმისგან სასიკვდილო დაღდასმული ეკითხება ბალდინის, არსებობს თუ არა საშუალება, რომელიც მის საწადელს აასრულებს. ასეთი საშუალება არსებობს, მაგრამ ბალდინი არ ფლობს ამის „ხელოვნებას“. გრენუი მალევე გამოჯანმრთელდება და სამხრეთიკენ გასწევს.

ტრიალ მინდორზე გასული ის იგრძნობს, რომ აღარ აწუხებს ადამიანების სუნები, აქ ისინი იშვიათად თუ შეხვდება სუნების მბრძანებელს. იგი მიილტვის ისეთი ადგილისკენ, სადაც ნაკლებად იგრძნობს უკვე მობეზრებულ სუნს. 7 წელს მაღალი მთის მწვერვალზე გაატარებს, იკვებება ღამურებით, გველებით, მცენარეებით. გამოქვაბულის სიღმეში ატარებს 24 საათიდან 20 საათს და გარეთ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თუ გამოვა. სრულ განცხრომაშია გრენუი აქ, ადამიანის ფეხიც კი არ არის დადგმული იმ ადგილას, სადაც თვითონ არის. მაგრამ მის ბედნიერებასაც აქვს დასარული: აღმოაჩენს, რომ ყველანაირი სუნის აღმქმელი, კილომეტრების იქითაც კი, ვერ გრძნობს საკუთარ სუნს, მას უბრალოდ არ აქვს სუნი. დატოვებს თავის გამოქვაბულს და ხალხში ბრუნდება.

საშინელი სანახავია ის ამ დროს, შიშის ზარს სცემს მის დამნახავთ. მარკიზ დე ლა ტაიად – ესპინასი მას თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს და დიდ წარმატებას მოიპოვებს თავისი აღმოჩენილი იშვიათი „ექსპონატით“. სუნებზე მონადირე ქმნის სურნელს, რომელიც მას ადამიანებთან ურთიერთობაში ეხმარება, ამ სუნამოს წყალობით იგი არ არის მათთვის ადრინდელივით შეუმჩნეველი. საჭიროებისდა მიხედვით, იგი ყველა სიტუაციის სურნელს იქმნის, ადამიანების მოსატყუებლად ხომ მას ამხელა ძალა აქვს ცხვირში.

 გრენუი არც მასთან არ ჩერდება, გაეპარება მარკიზს და ქალაქ გრასში დამკვიდრდება. ქალაქი სურნელოვანი ნივთიერებების ერთპიროვნულ დედაქალაქად ითვლება, აქ სურს მას შეივსოს ის ცოდნა, რაც აკლია. იგი ქალაქის ერთ–ერთ პარფიუმერულ სახელოსნოში მოეწყობა დამხმარედ, ქვრივი არნულფი და მისი დამხმარე დრიუოს ხელშია ის, თუმცა მალევე პირიქით აღმოჩნდება, მაგრამ ისე, რომ არ აგრძნობინებს თავის უპირატესობას არავის. აქ იგებს იგი სუნების გამოყვანის ყველა დეტალს, სუნი გამოჰყავს ყველაფრიდან,  ლეკვებიდან, ვირთხებიდან, ჭია–მატლებიდან…

გრასში აღმოაჩენს იგი საოცარ სურნელს, რომელიც ქალაქის ერთ–ერთი ბაღიდან გამოდის. მას 2 წელი სჭირდება იმისთვის, რომ ამ საოცარი სურნელიდან სასურველი სუნი მიიღოს. იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში ითვისებს ყველაფერს და ეს სუნებზე მონადირე უკვე მოქმედებას იწყებს.

ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით მოკლულს პოულობენ ახალგაზრდა, ულამაზეს ქალიშვილებს, სრულიად შიშვლებს, თმა ძირში აქვთ მიჭრილი, გაუპატიურების კვალი არც ერთს არ აქვს. ქალაქის მკვიდრნი საგონებელში ვარდებიან, რა მიზნით შეიძლება კლავდეს მკვლელი ამდენ ახალგაზრდა ქალიშვილს?

ცოტა ხნით მკვლელობები წყდება, ხალხიც ოდნავ დამშვიდდა. მაგრამ ფხიზლადაა ქალაქის მეორე კონსული ანტუან რიში, რომელსაც ულამაზესი ახალგაზრდა ქალიშვილი ლაურა ჰყავს, სწორედ ლაურაა დამაგვირგვინებელი სუნი გრენუის სუნამოსი, რომელსაც იგი მოკლული ქალიშვილებისაგან ამზადებს. იგი დარწმუნებულია, რომ ამ სურნელით მსოფლიოს მბრძანებლობასაც კი შეძლებს. 

            Image

რიში ხვდება მკვლელის ჩანაფიქრს და ქალაქიდან მიჰყავს ლაურა, გზას უბნევს ხალხს, მაგრამ არაფერი გამოსდის, გრენუი ჩვეულებრივი მკვლელი არაა, ის ხომ სუნებზე მონადირე გენიოსია, იგი არ ტყუვდება და კვალდაკვალ მისდევს თავისი სუნამოს გვირგვინს, რომლის გარეშეც იგი ვერაფერს შეძლებს.

სასტუმროში გაჩერებულმა რიშიმ არ იცის, რომ ეს ღამე მისი ქალიშვილისთვის უკანასკნელია, სწორედ აქ და ახლა აარსულებს გრენუი თავის ჩანაფიქრს, აქ, სადაც მზრუნველ მამას თავი უკვე სამშვიდობოს ჰგონია.

დილით ქალიშვილის ოთახის კარს რომ აღებს რიში, არაჩვეულებრივი სითეთრე მოსჭრის თვალს: ლაურა შერწყმულია ქვეშაგების სითეთრესთან, იგი ანათებს იმდენად თეთრია. თავზარდაცემულია რიში.

გრენუის მალევე დაიჭერენ, იგი არ უარყოფს 25 ქალიშვილის მკვლელობას, მაგრამ წამების დროსაც კი ვერ წამოაცდევინებენ, თუ რატომ აკეთებდა ამას.

12 დარტყმა სახსარში, და ჯვარზე გაკრული მანამ ეგდება მოედანზე, სანამ საშინელი ტანჯვით ბოლო არ მოეღება. განაჩენის სისრულეში მოყვანის დღეს უამრავი ხალხი იკრიბება გრენუის დასჯის სანახავად, ისე ემზადებიან ამისთვის, ვითომც წვეულებაზე მიდიოდნენ.

დამნაშავე ეტლით მოჰყავთ, გრენუი გადმოდის ეტლიდან და ეშაფოტზე აჰყავთ. და ამ დროს ხდება სრულიად მოულოდნელი რამ: ყველა იქ მყოფი იმ აზრზე დგება, რომ  გრენუი მკვლელი არაა, როგორ შეიძლება ამ ბიჭს ვინმეს მოკვლა შეეძლოს! 

Image

 გრენუის გაღმერთება იწყება, მის წინაშე ყველა თავს ხრის და ეთაყვანება. მას სწორედ ის სუნამო ასხია, საგულდაგულოდ რომ შექმნა. ეს არის მიზეზი მისი განდიდებისა, ეს არის ამდენი ხალხის „დაბნელების“ მიზეზი. უცებ ყველაფერი ჯოჯოხეთს ემსგავსება, იმართება საყოველთაო ორგია, რომლის მაინიცირებელი სწორედ ის არის, გრენუი, ყველასგან შეუმჩნეველი და ყველასგან უარყოფილი, გენიოსი, რომელმაც ამდენი ხალხი თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია და ჭკუიდან შეშალა.

Image

 მაგრამ გრენუი არ არის კმაყოფილი ამით, მან არ იცის რა არის სიყვარული, არც არასდროს ყვარებიათ და არც მას ყვარებია ვინმე, მისთვის უცხოა ეს გრძნობა. ამიტომაც ხალხის თაყვანისცემა მას ვერანაირ სიამოვნებას ვერ ანიჭებს, უკმაყოფილოა, გაბრაზებულია, მას სძულდა ყოველივე ეს და უნდა რომ მის მიმართაც ასე იყვნენ განწყობილნი, სძულდეთ ისე, როგორც მას სძულს ეს ხალხი… მაგრამ რაც უფრო სძულდა მას, მით უფრო აღმერთებდნენ.  ლაურას მამა მიდის მისკენ, გრენუი ფიქრობს რომ ვერ შესძლო მისი მოტყუება და უხარია, ჰგონია, რომ ახლა მოკვდება და კმაყოფილია ამით. მაგრამ ცდება, ბატონი რიში გულში ჩაიკრავს მას და პატიებას სთხოვს. გრენუი შეძრწუნებულია, მეტისმეტი მღელვარებისგან გონებას კარგავს. 

Image

 

გონზე ლაურას ლოგინში მოდის, თავთან ლაურას მამა უზის სიყვარულით სავსე მზერით. იგი სთხოვს მას, თავისი ქალიშვილის მკვლელს, რომ მისი შვილი გახდეს!

გრასის მოსახლეობა მეორე დღეს ერთმანეთს ვეღარ უყურებს თვალებში, უხმოდ ტოვებენ სიგიჟის ადგილს. „მკვლელსაც“ მალევე სჯიან: დრიუო, ვისთანაც გრენუი ცხოვრობდა  და მუშაობდა,  სწორედ მის ტერიტორიაზე პოულობენ მოკლული ქალების თმებს და ტანსაცმელს. განაჩენი ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე სრულდება. 

 

 

Image

 

გრენუი გაიპარება რიშის სახლიდან, მისთვის უკვე ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული, პარიზში მიდის, სადაც დაიწყო, უნდა რომ იქვე დაამთავროს.

ადგილას, სადაც ღამის მცხოვრებნი არინ შეკრებილები, შეუმჩნევლად მიდის, თავიდან მას ვერ ამჩნევენ, გრენუი ამოიღებს თავისი სუნამოს ფლაკონს და ტანზე გადაისხამს. ყველას ყურადღება მისკენ არის მიპყრობილი, ყველა აღტაცებულია მისით, ანგელოზად აღიქვამენ. ცოტა ხანში ჟან–ბატისტ გრენუისგან მხოლოდ ტანსაცმელი რჩება, 30–მდე ადამიანი მას ცოცხლად შეჭამს.

გაქრა ადამიანი, რომელიც სიძულვილით იყო სავსე მთელი მსოფლიოსადმი, რომელსაც სიკვდილი მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა: მადამ გაიარი, გრიმალი, ბალდინი,  მარკიზ დე ლა ტაიად – ესპინასი, დრიუო – ყველა მათგანი კვდება მაშინვე, როცა გრენუი მათ ტოვებს. საბედისწეროა ის ყველა ამ ადამიანისთვის.

 

სიუჟეტი ფილმშიც ისე ვითარდება, როგორც წიგნშია. თუმცა არის რამდენიმე ფაქტობრივი და რიცხობრივი განსხვავება.

1.მადამ გაიარი წიგნში დიდხანს ცოცხლობს, ღრმა სიბერემდე, ფილმში კი როგორც კი გრიმალს ჩააბარებს გრენუის, ყელს ჭრიან ყაჩაღები.

2. ლაურას იგი წიგნში ბაღში აღმოაჩენს, ფილმში კი გზაზე, როდესაც ის ხალხში ბრუნდება შვიდწლიანი განდგომის შემდეგ.

3. ფილმში ლაურას მოკვლის შემდეგ ტყეში იპოვნიან, წიგნში კი ქალაქში, სადაც ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას.

4. ფილმში გრენუი არ ხვდება ლაურას საწოლში, იგი პირდაპირ პარიზში მიდის.

5. ყველაზე თვალშისაცემი: ფილმში გრენუი 12 ქალისგან ამზადებს განუმეორებელ სუნამოს, მაშინ როცა წიგნში 25 ქალიშვილი სჭირდება ამ სუნამოს დასამზადებლად..

 

წაკითხულს ფილმი კადრებად მიცოცხლებს, ყველაფერი ისეა, როგორც ზიუსკინდს ჰქონდა ჩანაფიქრში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩემთვის ის სცენა, როცა გრენუი „ამური და ფსიქეას“ უმზადებს ბალდინის, იმდენად ცოცხალია ეს მომენტი, რომ მე ვგრძნობ სუნამოს სურნელს, ჩემთან რაღაც საოცრად სასიამოვნო სურნელი დადგა. ეს მოჩვენებითია, მე თვითონაც ვიცი, მაგრამ მე ისე მძაფრად შევიგრძენი ეს ყველაფერი, რომ ადვილად ვიჯერებ. სწორედ  ეს არის რეჟისორის ჩანაფიქრიც, რომ გაგახვიოს დაუჯერებლის ბურუსში, ნათლად წარმოგიდგინოს ამბის მთელი დიდებულება.

მთლიანად შეძრული ვარ ნანახით და წაკითხულით, მწერალიც და რეჟისორიც ადვილად აღწევენ მიზანს: ზემოქმედების ქვეშ ალბათ კიდევ დიდხანს ვეყოლები ორივეს. 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s