გაბრიელის ახალი წელი

… ამ დღეებში ყველა რაღაცნაირად საქმიანი სახით დადის, ნეტავ რა ხდება? დედიკოს სულ წინსაფარი აქვს აფარებული და ხან რას აკეთებს და ხან რას… ის ხე, რომელიც უკვე დიდი ხანია  მოვრთეთ, ახლა განსაკუთრებით ანათებს. არა, მაშინაც კი ანათებდა, მაგრამ ამ საღამოს რაღაც განსაკუთრებულად. მამიკომ კიდევ რამდენიმე ახალი ნათურა დაკიდა და ალბათ ამიტომ… მე მომწონს, ძალიან ლამაზია. ბებია და ბაბუა ღუმელთან ფუსფუსებენ, ამ საღამოს ბუხარში დიდი ცეცხლი უნდა დავანთოთო – ამბობს ბაბუა და გარეთ გადის. მეც მინდა მას გავყვე, მაგრამ ჩემმა უფროსმა ძამიკომ ქეჩოში წამავლო ხელი და ჩემს სათამაშოებთან ჩამსვა. არა, ტირილი არ დამიწყია, დამცინებენ, მე კიდევ საშინლად არ მსიამოვნებს ასეთ უმნიშვნელო რამეებზე რომ დამცინიან. ისევ ოთახში ვარ და ვუყურებ დედიკო რაღაცას როგორ ჭრის. ქურაზე რაღაცას ხარშავს, ტკბილი სუნი მოდის იქიდან, მერე დედიკო იმ ტკბილ სითხეში ყრის დაჭრილ მასას. ცოტა ხანში დიდ თეფშებზე ანაწილებს თხელ–თხელ ნაჭრებს, ოქროსფერია, არა უფრო მუქი… აა, ეს ის არის მე რომ არ მაჭმევენ, მახსოვს შარშან ჩუმად რომ მინდოდა მეჭამა და ძვრა ვერ ვუყავი, კინაღამ ზემოთა კბილი მომტყდა, იმდენ ხანს ვკბენდი. არა, კი აღარ მინდოდა მერე, მაგრამ უკვე პრინციპის ამბავი იყო. იქნებ და წელს მოვერიო? ვცდი მერე, რომ ვერ შემამჩნევენ მივეპარები და…

ბაბუამ თქვა თერმომეტრზე ისეთი ტემპერატურაა, ნამდვილად გათოვდებაო. სულ არ ვიცი რა არის ეს თერმომეტრი ან კიდევ ტემპერატურა, მაგრამ აი თოვლი კი ძალიან მიყვარს! მაგარი რამეა, სულ თეთრია, სუუულ.. თეთრი და ცივი. თოვლში ძალიან კარგად ვერთობი ხოლმე, ჩემი ძამიკო თოვლის ბაბუებს მიკეთებს, რომელიც ძალიან სასაცილო გამოსდის.  ცხვირის ადგილას რატომ უკეთებს სტაფილოს ვერაფრით გამიგია. დედა რომ სუპს მიკეთებს იმაში ძალიან გემრიელია ხოლმე სტაფილო, თოვლის ბაბუასთან რა შუაშია არ ვიცი…

ძალიანაც კარგი თუ გათოვდება, მაშინ მაინც ხომ გამიყვანენ გარეთ.. მომწყინდა სახლში ყოფნა, თან ჩემთვის არავის სცალია. დამსვეს აქ და ყურადღებას არავინ მაქცევს.. ვიტირო უნდა ისევ, სხვა გზა არ მაქვს. დედამ მხოლოდ ადგილი შემიცვალა და ახლა ნაძვის ხესთნ გადამსვა(ასე ეძახიან). ისე აქ ჯობია. ბუხართან ახლოს დგას, ძაააააალიან დიდია, ფერადი სათამაშოებით არის სავსე და ნათურები რა ლამაზად ანათენებ, ცოტა ხანი მისი ყურებით ვიქცევ თავს. ბუხარზე უზარმაზარი წითელი წინდებია ჩამოკიდებული, სასაცილო ჩანთიანი კაცი ახატია. მთელ სახლში ასეთი მორთულობაა, ლამაზია  მარა, არ ეზარებათ მერე ამის დაშლა? მე რა მადარდებს, თვითონ იკითხონ.

მალე ამიყვანა  დედიკომ და ჩემს ოთახში გამიყვანა,  გამხადა და ახალი ტანსაცმელი ჩამაცვა. კი მაგრამ ამ დროს ხომ მაძინებდა ხოლმე? საინტერესოა. ოთახში დავბრუნდით, მაგიდა გაწყობილია, იმდენი რამე დევს ზედ, შემეშინდა არ ჩატყდეს მეთქი და მაგიდისკენ მივიწევ, ჩემი არ ესმით და ვანიშნებ… დედაჩემმა იფიქრა, რომ მშია  და იმ საზიზღარი ფაფის გამზადება დაიწყო, მე რომ არ მიყვარს და მაინც მაჭმევს. არადა წეღან მაჭამა. მერე ჩემზე იტყვიან ღორმუცელააო.

ბაბუას დიდი ბოთლით წითელი სითხე შემოაქვს, აა, ეს ის არ არის, რომ სვამენ და მერე რომ მკოცნიან და მკოცნიან გამუდმებით? აუუ, დღესაც მაკოცებენ, თან რა ცუდი სუნი აქვს იმ სითხეს. ნეტა დავეძინებინე დედაჩემს.

მალე, თორემ თორმეტიც გახდა, იძახის ბებო და ყველანი მაგიდასთან სხდებიან. ბაბუა სუფრის თავში ზის და ხელში წითელი სითხით სავსე ჭიქა უჭირავს, მე დედაჩემი ფაფას მაჭმევს, ვცდილობ გავუძალიანდე, მაგრამ არ გამომდის ჭირვეულობა. „დავითვალოთ ახლა ათამდე და ახალი წელიც მოვაა!“–  ყვირის ჩემი ძმა. ჩემი ოჯახის წევრები ხმამაღლა ყვირიან. მერე ერთმანეთს ეხვევიან და ახალ წელს ულოცავენ, მამაჩემი შამპანიურს ხსნის და მაღალ ჭიქებში ასხამს. მე კიდევ იმ სასმელს მისხამენ, წითელი თეთრწვერა ბაბუა რომ ახატია. სასმელი დიდად არ მომწონს, მაგრამ იმ კაცის ხათრით ვსვამ. ენაზე მჩქმეტს, მარა ახალი წელია და თავს უფლებას მივცემ ერთი ჭიქა დავლიო. „გაბრიელი არ დაგვითვრეს“ – მიცინის ჩემი ძმა. მეც ვუცინი ჩემი ხუთივე კბილით. მგონი მართლა დავთვერი. მერე გარეთ გავდივართ და ბაბუა და მამა თოფს ისვრიან(შარშანაც ისროლეს მგონი), ჩემი ძმა კიდევ მიწაში ჩარჭობილ ჯოხს ცეცხლს უკიდებს, საიდანაც რამდენიმე წამის შემდეგ ულამაზესი ცეცხლი იფრქვევა. ყველა მხრიდან ხმაურია. ისევ სახლში შევდივართ. კარზე კაკუნია: ვიღაც კაცი შემოდის, ხელში ბევრი რაღაც უჭირავს: გოგრები, ვაშლები, ჩურჩხელები, შოკოლადები და კიდევ რა ვიცი რა. სუფრასთან ეპატიჟებიან და ის კაციც სვამს შამპანიურს.. მეძინება, მარა არავინ არ ფიქრობს ჩემს დაძინებაზე იზრუნოს. ის კაცი მიდის და იმედია ახლა მაინც დამაძინებენ. კარზე ისევ აკაკუნებენ. ცალი თვალით (მეორე დახუჭული მაქვს) ვხედავ, რომ ვიღაც წითელი  მიახლოვდება, ვაკვირდები და ზუსტად ისეთია, აი იმ ბოთლს რომ ახატია, ოღონდ გამხდარი და წინ დიდი მუცელიც არა აქვს. მიხარია, მაგრამ ამ კაცს აქ რა უნდა ვერ ვხვდები… „აბა გაბრიელი რომელია(როგორ ვერ მიხვდა?)?“ – კითხულობს და უფრო და უფრო მიახლოვდება. „გამარჯობა გაბრიელ, მე სანტა ვარ, შენთვის საჩუქარი მაქვს“ – ყუთს მაძლევს და კარისკენ მიდის. მე საჩუქარზე გადამაქვს ყურადღება და სანტას წასვლას ვერც კი ვამჩნევ. ყუთს ქაღალდს ვაცლი და ვხსნი. დიდი მანქანა, აი, ისეთი იმ დღეს მაღაზიაში რომ მომეწონა და ტირილი რომ დავიწყე. ნეტავ სანტამ საიდან იცოდა რომ ეს მანქანა მინდოდა? ან სანტამ რატომ მომიტანა, მე მინდოდა დედიკოს და მამიკოს ეყიდა.. ისე ვინ არის ეს სანტა? რასაც დედიკო და მამიკო არ მიყიდიან, ის მომიტანს ხოლმე? მომავლისთვის მაშინ იმ დიდ მანქანას ვთხოვ, რომლითაც გიორგი ბიძიას  დავყავარ ხოლმე სასეირნოდ! რა მაგარია, ეს აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე.

ჩემი ძმა სადღაც მიდის, ბაბუა და ბებია ბუხართან სხდებიან და ჩუმად ლაპარაკობენ რაღაცას. დედამ ამიყვანა და საძინებელში მივყავარ, ასე გვიან მე ყოველთვის მძინავს ხოლმე, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღეა. ლოგინში ჩამაწვინა, ცოტა ხანს მეფერა, მთხოვა დაიძინეო, არადა ამისთვის სულაც არ მჭირდებოდა თხოვნა, ისედაც თვალს ძლივს ვახელდი. ოთახიდან გასვლის წინ შუბლზე მკოცნის, ამას ყოველთვის ვგრძნობ ხოლმე, როგორ ღრმადაც არ უნდა მეძინოს…

დილით ლოგინზე წამოვდექი და სანამ ტირილს დავიწყებდი მომხედეთ, გავიღვიძე მეთქი, ფანჯარაში გავიხედე. გარეთ თოვდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო! სასწრაფოდ ტირილი დავიწყე.

2 thoughts on “გაბრიელის ახალი წელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s