ლელო შუხუთში

რამდენიმე წელია, რაც აღდგომა დღეს გურიაში, სოფელ შუხუთში “ლელოზე” წასვლა, ან წასვლის სურვილი, ჩვევად გადამექცა. სულ ორჯერ ვიყავი და წელს უკვე მესამედ.

“ლელო” ტრადიციულად აღდგომა დღეს იმართება შუხუთში. რამდენიმე შემაღლებული სოფლის გავლის შემდეგ, დანიშნულების ადგილას ვარ. ბუნებაზე არაფერს არ ვამბობ – ეს თავად უნდა ნახო! ან CANON მაინც უნდა გქონდეს, სხვასაც რომ ანახო.

თამაში დღის 5 საათზე იწყება. მზადება უკვე რამდენიმე საათით ადრე მიმდინარეობს. მოკლედ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს თამაში:

ლანჩხუთის რაიონის ულამაზესი სოფლის, შუხუთის მცხოვრებლები ერთმანეთს პირველობაში ეჯიბრებიან. ზემო და  ქვემო შუხუთი – პირობითი გუნდების სახელწოდება ასეთია. თამაში სოფლის ცენტრში, დიდ მუხასთან იწყება, საიდანაც თანაბარი მანძილით არის დაშორებული ორი ღელე. მოგებულად ითვლება ის მხარე, რომლის ღელესაც ბურთი გადასცდება. მთავარი სიძნელეც სწორედ ეს არის – ბურთი 16 კილოგრამს იწონის… გამარჯვებულ გუნდს ბურთი თავისი მხარის მიცვალებულის საფლავზე მიაქვს. ეს კი დიდი პატივია მიცვალებულის ოჯახისთვის, შუხუთელები ამით გამოხატავენ თავიანთ პატივისცემას და სიყვარულს მიცვალებულის მიმართ.

წლევანდელ “ლელოსაც” არ აკლდა მაყურებელი, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე იკრებდა სოფლის ცენტრი ცნობისმოყვარეებს. სტარტამდე ერთი საათით ადრე გზა გადაიკეტა. ისე, სულ მაინტერესებს ხოლმე რა ხდება ამ დროს ტრასაზე, სოფელი ცენტრალურ მაგისტრალზეა და ამ დროს მოძრაობის შეყოვნება დიდი პრობლემაა. ვიკითხე კიდეც და მიპასუხეს, რომ ზოგი ჩერდება და თამაშს უყურებსო, შემოვლითი გზაც იქნება ალბათ. არა მგონია, თურქ და აზერბაიჯანელ მძღოლებს და მგზავრებს ძალიან სიამოვნებდეთ შეყოვნება..

თამაშის დაწყებამდე ხალხის გართობაზე ვიღაც ზრუნავს. წინა წლებში “მგზავრები”, “გორდელა” და სხვები მახსოვს… წელს კიდევ ჯაში, კვაშალი, კალანდაძე და ადგილობრივები ზრუნავდნენ მათი განწყობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება ვიღაცას მოეწონა, მაგრამ ჩემთვის ამ დღის ეს ნაწილი, ნამდვილად არ იყო საინტერესო.

“საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი” – გამოაცხადა კონფერანსიემ. პრემიერი ხალხში მიიკვლევდა გზას, მასა ერთბაშად მისკენ დაიძრა მისი გამოჩენისთანავე და არ მოსცილებია მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მან “ლელოზე” დაჰყო.

ზუსტად 5 საათზე თამაში დაიწყო. თოფის ხმაზე მონაწილეები ერთმანეთს ეკვეთნენ. ისეთი ბუღი დადგა ირგვლივ, ვერაფერს დაინახავდი მათ სიახლოვეს. მშრალი და მზიანი დღეების შემდეგ ხომ მიწა შრება, აი, სწორედ ასეთი ამინდი იდგა, მიწა გამომშრალი და მტვერი თავის საქმეს ადვილად შვრებოდა.

დასაწყისშივე ეპიცენტრში მოვექეცი, თუმცა მალევე დავიხიე უკან, ხალხის ტალღას გამოვყევი. “ლელო” რაგბის მსგავსი თამაშია, წარმოიდგინეთ შერკინება. ახლა წარმოიდგინეთ ეს ხალხი ერთმანეთთან მორკინალი, ბურთისთვის მებრძოლი და მათ გარშემო მაყურებელი. სახალისო, ცოტა საშიში, აზარტული და სასიამოვნო საყურებელია. არ თამაშობ, მაგრამ მაინც იბრძვი, განიცდი, წვალობ… არ გინდა რამე გამოგრჩეს, მაგრამ ბევრს ვერაფერს ხედავ – უბრალოდ გრძნობ, როგორ მოიწევს შენკენ ხალხის ტალღა, და გარბიხარ თავის საშველად! მერე ისევ უკან ბრუნდები, შემდეგ კი ისევ გაურბიხარ შესაძლო საფრთხეს. ასე გრძელდება მანამ, სანამ ბურთი რომელიმე მხარის ღელეს არ გადასცილდება. თამაშის ეპიცენტრში ვერაფერს ხედავ, ვერ გაარკვევ რა ხდება, ვინ ვის ეხება, ვის აქვს ბურთი. შორიდან იოლად მიხვდები სად არის თამაშის გული – ბუღით! ჰაერში ასროლილი ფეხსაცმელიც არ არის უხალისო სანახავი 😉

თუ ერთხელ ჩაები “ლელოში”, ჩათვალე, რომ იქიდან მთელი ტანსაცმელი არ გამოგყვება, გამორიცხულია! არც ფეხსაცმელი იქნება მთლიანი 😉 ამიტომ, დაკვირვებული ვარ, უმეტესობა ძველი ტანსაცმლით ასპარეზობს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც საყურებლად მოვიდნენ და შემდეგ ჩაებნენ თამაშში. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს დაგეგმავ, ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, გაჭირვებაში მყოფ შენს გუნდს დახმარება გაუწიო.

ერთ ფაქტს შევესწარი, ერთ–ერთი გუნდი უკან იხევდა, არადა გამარჯვებასთან ახლოს იყო… ამ დროს ერთი ბერიკაცი მეორეს ექაჩება: “ჰე, წამოდი, უნდა ვუშველოთო.”– თან ვიღაცას თავის სათვალეს აჩეჩებს ხელში შესანახად. მეორე წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ პირველმა მაინც თავისი გაიტანა. ძალიან საყვარლები იყვნენ, მესიამოვნნენ 🙂

ზემო შუხუთი განვლილი სამი წლის ფავორიტი იყო, სამი წელი ზედიზედ ბურთი ზემო შუხუთის სასაფლაოზე მიდიოდა. ამ წელსაც ისეთი პირი უჩანდა, რომ გამარჯვებას ისინი მოიპოვებდნენ, თუმცა უკვე თითქმის მოგებული თამაში წაღმა წაუვიდათ. 2013 წელს გამარჯვება ქვემო შუხუთს დარჩა!

ზემო და ქვემო შუხუთი დაპირისპირებული მხარეები არიან, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არ არის დაპირისპირება, ეს ამ სოფლის მცხოვრებლების ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი სიყვარული უფროა. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე გაიმარჯვებს, არა იმიტომ, რომ ამ დღეს რაღაც საოცარი ძალა აქვს, ძალა იმისა, რომ აგავსოს კარგი განწყობით, სიხარულით, ენერგიით, დადებითი ემოციით…

შედეგის მიუხედავად კმაყოფილი რჩები, შეიძლება, მე ვცდები და ჩემთვის, გარეშე პირისთვის ჩანს ასე, მაგრამ მირჩევნია ასე მეგონოს, მე ასე ვხედავ “ლელოს”.

საოცარი სანახავია “ბრძოლის ველი” – დახეული მაისურები, ფეხსაცმელი, ნაგავი… თვითონ მებრძოლების ნახვაც ერთ რამედ ღირს – ვისაც ტანსაცმელი ტანზე შერჩა, უამრავ ადგილას აქვს გახეული, არცერთი ნაწილი არ არის მთელი 🙂 მტვერში ამოგანგლილები, დაღლილები, სახეზე აწითლებულები, მაგრამ კმაყოფილები, წაგებისდა მიუხედავადაც…

დიდხანს იქნება ეს არც თუ ისე ჰუმანური თამაში, დიდხანს. “ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია” – “ლელო” კი ღრმად გამჯდარი ჩვეულებაა, ჩვეულება, რომელიც შუხუთელებს სისხლში აქვთ.

P.S. ფოტოებიც მინდოდა დამერთო, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვარ. იმედია, მალე იქნება 😉

თათი სამსონიძე

2013 წელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s