13 ივნისს, “დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა შოთა გოგიბერიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა.
“არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ის ამომრჩევლის შეგნებული მოტყუებითა და ცრუ მოწოდებებითაც შეიძლება გაყალბდეს.
საუბარია ბეგლარ სიორიძის მოწოდებაზე, თითქოს ის უკვე გამარჯვებულია, მაშ, რისთვისღაა არჩევნები?! ქალაქის მერობის სახელისუფლებო კანდიდატს შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში ამომრჩეველი, როცა ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს მთავრობის კანდიდატმა და წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი დაფინანსების გარეშე დარჩება?
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მსგავსი მოწოდება არის აბსოლიტური პოლიტიკური ნონსენსი და სრული აბსურდი, რომელიც შეიცავს მოწოდებას ერთპარტიული პოლიტიკური სისტემისკენ, ანუ პოლიტიკური უფსკრულისკენ.
გარდა ამისა, საერთო სახალხო არჩევნების გზით არჩეული ქალაქის მერი, რომელი პოლიტიკური სუბიექტის კანდიდატიც არ უნდა იყოს, არის სახელმწიფო საჯარო სამსახურის მაღალი რანგის თანამდებობის პირი და სრულად ჯდება სახელისუფლო ვერტიკალში, ხოლო, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული მოხელე, პასუხისმგებელია ამომრჩევლის წინაშე.
ქალაქის მერია, ქალაქის საკრებულოც და მათ მიმართ ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება განისაზღვრება არა ვინმეს სიმპათია – ანტიპათიებით, არამედ საქართველოს კონსტიტუციით, თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით.
მოვუწოდებ ბეგლარ სიორიძეს, შეწყვიტოს მსგავსი მოწოდებებით ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა” – განაცხადა ბრიფინგზე შოთა გოგიბერიძემ.
პატრიოტთა ალიანსის ბრიფინგი
Leave a reply