Monthly Archives: თებერვალი 2016

ამბები გოგონებისთვის და ბიჭებისთვის

წიგნის მაღაზიაში პირველად ეს წიგნი რომ შევნიშნე, აღშფოთებისგან არ ვიცოდი რა მექნა. თაროზე „ამბები გოგონებისათვის“ გვერდით, „ამბები ბიჭებისთვის“ იწონებდა თავს…
ჩემთვის წარმოუდგენელია, თუ რატომ უნდა იყოს ასეთი მკაცრი კლასიფიცირება? რა განსხვავება შეიძლება იყოს ამ ორ წიგნს შორის, ან მაინცდამაინც გოგომ რატომ უნდა წაიკითხოს „ამბები გოგონებისათვის“ და თუ შემთხვევით „ამბები ბიჭებისთვის“ ჩაუვარდა ხელში და წაიკითხავს, მძიმე დანაშაულს ჩაიდენს? ზღაპრებში ასეთ მკაცრი, გენდერული კლასიფიკაცია ნამდვილი „სიურპრიზი“ აღმოჩნდა ჩემთვის.

20160204_164859

ეს ამბავი, არც უნდა გამკვირვებოდა იმის ფონზე, როცა ჯერ კიდევ სკოლაში, მასწავლებლებისგან, მშობლებისგან, უფროსებისგან მუდმივად ისმოდა, რომ ტექნიკური საგნები ბიჭებს უკეთ ესმით, გოგოების პროფესია მასწავლებლობა, ექთნობა და მსგავსი პროფესიებია. რატომ არ შეიძლება ქალი იყოს წარმატებული მათემატიკოსი, ასტროფიზიკოსი, ან თუნდაც, ფეხბურთელთა გუნდის მეკარე?!
„მაინც ბიჭია და ტვინი უკეთ უმუშავებს“ – ყოველთვის, ყოველთვის ვცდილობდი ამ ფრაზის საწინააღმდეგო გამეკეთებინა, ეს ერთგვარი კომპლექსიც კი იყო ამ ყველაფრის ფონზე, დამემტკიცებინა საკუთარი სქესის ინდივიდუალობა და სიძლიერე!
ჩემი მეგობრის პატარა ვაჟს ხელში ცოცხი ეჭირა და თავისთვის ერთობოდა. იქვე მყოფმა 8 წლის გოგონამ პატარას ლამის ხელიდან გამოგლიჯა ცოცხი, თან დიდი აღმზრდელობითი საუბარიც მიაყოლა იმის შესახებ, რომ ცოცხი ბიჭების საქმე არ არის, დალაგება და მისთანანი გოგოების „პრეროგატივააო“. მიდი ახლა და მის მშობელს აუხსენი, თუ რა არასწორ აზროვნებას უყალიბებს შვილს, რომ არ არსებობს გოგოს და ბიჭის საქმე და ისიც, დაგვა მამრობით სქესს არანაირად არ აკნინებს! ბუნებრივია, ამ სახის დამრიგებლური რჩევები ოჯახებში აქვთ მოსმენილი და შემდგომ უკვე, პატარები თვითონ ახდენენ ამის ტირაჟირებას – ეს ცუდია.
ან კიდევ, ჩემი მეგობრის მამას, სერიოზული შიში აქვს იმისა,რომ პატარა შვილიშვილს საკუთარი მამა მარტო ვერ დაიტოვებს, ვერ მოუვლის, ვერ გამოუცვლის და ვერ დაბანს. სინამდვილეში კი ბავშვის მამა შესანიშნავად უვლის მარტო საკუთარ შვილს – ეს კარგია.
ალბათ თქვენც ხშირად გსმენიათ ფრაზა, „გოგო ხომ არ ხარ“? ეს ფრაზა პატარა ბიჭებს, ძალიან ესირცხვილებათ.
მე მაინც ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, ჩვენ ამ ფრაზას, და კიდევ უამრავს, დროთა განმავლობაში საკუთარი შვილების ლექსიკონიდან სამუდამოდ ამოვიღებთ.