Monthly Archives: დეკემბერი 2016

სამსახურის პირველი დღეების მაგია

ხვალ ჩემ მეგობარს ახალ სამსახურში პირველი დღე აქვს და ამაზე გამახსენდა. 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ რაიონს დავუბრუნდი და დავიწყე სამსახურის ძებნა. ვეძებდი ბევრს, ყველგან, ყველაფერს. ნჯეოებსაც კი შევუერთდი ერთი პერიოდი და ქალთა კლუბის წევრიც გავხდი:)

ერთ წელზე მეტი იყო და ჩემი წუწუნი იმატებდა, მაწუხებდა უმუშევრობა და ჩემი რესურსის გამოუყენებლობა.

ერთ დღესაც მეგობარი ბათუმიდან, მეუბნება, რომ თქვენთან ადგილობრივ ტელევიზიაში ვაკანსიააო. ვნახე და ეგ კაი ხანია არის, აყვანილი ეყოლებათ უკვე მეთქი. არ აუყვანიათო. კაი დავფიქრდები მეთქი(!). მერე კიდევ ერთმა მეგობარმა მითხრა ამ ვაკანსიის შესახებ. ნუ როგორც იქნა და სივი გავაგზავნე და გასაუბრებაზეც დამიბარეს ტელევიზიიდან. დეტალებში მახსოვს, სექტემბერი იყო და გაჩერებაზე რომ დავდექი, მანქანა ნაცნობი ენჯეოს ხელმძღვანელმა გამიჩერა, თვითონაც იმ გზაზე მიდიოდა. ტელევიზიასთან დამტოვეს და წარმატებები მისურვეს.

შენობას რომ მივუახლოვდი ჩემი გულისცემის ხმა მესმოდა. შევედი, მეორე სართულზე ავედი და გრძელ დერეფანში ერთადერთ ღია კართან ვიკითხე, ვისთანაც ვიყავი. ვიცანი, თვითონ იყო. მარა, მე რის მატრაკვეცა ვიყავი. რას გადავწყვეტთ, დაგიკავშირდებითო.

დაახლოებით ერთი თვის მერე დამირეკა. იქამდე ფეისბუკში დავმეგობრდით. ჩემი პოსტი უნახავს, სადაც ვწუწუნებდი, როგორ მინდოდა ერთ სახალხო დღესასწაულზე წასვლა და მგზავრს ვერ ვპოულობდი. გადამღები ჯგუფი მიდის ახლა, გაყევი და სამუშაო პროცესს დააკვირდიო. მივფრინდი ტელევიზიამდე. იმ დღეს არ მოვცილებივარ ჟურნალისტს და ოპერატორს, ვაკვირდებოდი ყველაფერს, ისინიც მიხსნიდნენ. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. პარასკევი დღე იყო, 17 ოქტომბერი.

თუმცა, ეს მაინც არ იყო პირველი დღე.

20 ოქტომბერს დილით მივედი. დამაყენა უზარმაზარ დერეფანში და რომელ ოთახშიც გინდა, იქ შედიო. ნუ, მე უახლოესში შევედი და ვეძებდი ინფორმაციებს. იმ დღესვე მომიწია გადაღებაზე წასვლა. მახსოვს, მეორე ოპერატორი მოვიდა. მივედი და გავეცანი. რაგბი იყო. იქამდე მოვიძიე გურულ რაგბიზე ინფორმაციები, საიტზე შევედი (მაგრად დაჰკარიიით), ვქექე, ვქექე და წავედით.შემოდგომის თბილი დღე იყო, მზე კარგად აცხუნებდა. ინფორმაციები ავიღე, ჩასაწერი ჩავწერე, თავის მოწონება ვცადე მსაჯთან, თუ ვინ იყო, არ ვიცი იმის მისიას თამაშში რა ქვია ზუსტად. რა მაგარი გარდამოხსნა იყო მეთქი. კაცმა გაოცებულმა შემომხედა, თვალები შუბლზე ქონდა.გარდამოხსნა? გარდასახვა კაი იყო, კიო. მე მაშინ რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი ამ კაცის რეაქციებს. მერე ვიწვოდი სირცხვილით, კაი ხანი ვმალავდი ამ ისტორიას და არავისთან კრინტი არ დამიძრავს, ალბათ როგორი შთაბეჭდილება დარჩა იმ კაცს ჩემზე.

მეორე სამსახური კარგა ხნის მერე იყო. მაშინაც სამუშაოს ვეძებდი. და ასე უცებ, რო ეძებ, ეძებ და არაფერი არ არის, თავისით მიპოვა. თებერვლის თოვლიანი, თბილი დღე იყო. ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი მირეკავდა. მუშაობა შემომთავაზა. დავფიქრდები მეთქი (რა იყო დასაფიქრებელი). ცოტა ხანში დავურეკე და თანხმობა ვუთხარი.

მუშაობა აქაც ორშაბათიდან დავიწყე. რედაქციაში მივედი, ვიპოვე ოთახი, რედაქტორი იქ არ დამხვდა. სამაგიეროდ რედაქტორზე წინ მდგომი იჯდა იქ. პატარა ოთახში ოთხი მაგიდა იდგა და ამდენივე კომპიუტერი. კომპიუტერთან დამსვა, გაზეთის ვებ გვერდი და სხვა საინფორმაციო ვებ გვერდები ჩამირთო და გავიდა.

რედაქტორმა ამიხსნა მუშაობის სპეციფიკა, საჭირო საიტები და სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების საშუალებები. ყავა შემომთავაზა, მურაბა იყო შინდის მახსოვს. მიყვარს შინდის მურაბა.

წვიმიანი და ცივი დღე იყო. ინტერნეტში ვიჩხრიკებოდი და სამუშაო გარემოს ვსწავლობდი. გაზეთშიც ჩემი პირველი ნიუსი რაგბის შეეხებოდა. ერთ სოფელში ვახლდი რაგბის მწვრთნელებს, რომლებიც მოსწავლეებს ეძებდნენ იმ სოფელში რაგბისთვის.

ახლა ისევ ტელევიზიაში ვმუშაობ, თუმცა ამ დაბრუნებას აღარ ქონია ასეთი მძაფრი შეგრძნებები და პირველი დღის დაძაბულობები.

26 წლის ვარ ჯერ და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი სამსახურების პირველი დღეები მელოდება. არ მჯერა მე, მარადიულად ერთ ადგილზე ყოფნის.

ჩემ მეგობარს წარმატებული პირველი დღე მინდა ქონდეს.

55204009